სოფო კილაძე ჯანდაცვის მინისტრს – მნიშვნელოვანი იქნება, კიდევ ერთხელ გაუსვათ ხაზი, რა იყო მიზეზები, რის გამოც სოციალური მუშაკები გათავისუფლდნენ

სოციალური მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებით და მათი ნაწილის სამინისტროს სისტემაში დაბრუნების შესაძლებლობით დაინტერესდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდებლებმა „მინისტრის საათის” ფორმატში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმინეს.

როგორც სოფო კილაძემ განაცხადა, სოციალურ მუშაკებზე არის სერიოზული მოთხოვნა, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველობებშიც და დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები არ დარჩებიან სამუშაოს გარეშე, მით უფრო თუ საუბარია კვალიფიციურ სოციალურ მუშაკებზე. ის სოციალურ მუშაკებს შუამდგომლობასაც ჰპირდება, რათა თუ ისინი არ იქნებიან დასაქმებული ჯანდაცვის სამინისტროში, აუცილებლად დასაქმდნენ ადგილობრივ თვითმმართველობებშიც.

„სამინისტროს წინაშე ბევრი გამოწვევები დგას, მაგრამ დღეს მე მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მსურს გავამახვილო თქვენი ყურადღება, რაც ვფიქრობ საზოგადოებისთვისაც ასევე საინტერესოა – ესაა სოციალური მუშაკი. ჩვენ ერთად ვმუშაობთ უკვე რამდენიმე წელია იმ დიდ რეფორმაზე, რომელიც სოციალური სამუშაოს შესახებ კანონის შექმნით დავიწყეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ამ რეფორმას, რაშიც თქვენც ხართ აქტიურად ჩართულები, თუმცა გასულ კვირას გვქონდა შემთხვევა, როდესაც ერთბაშად 28 სოციალური მუშაკი იქნა გათავისუფლებული. ამდენად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება თქვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გაუსვათ ხაზი რა იყო მიზეზები, რის გამოც იქნენ სოციალური მუშაკები გათავისუფლებულნი და არის თუ არა შესაძლებლობა, რომ მათი ნაწილი მაინც დაბრუნდეს ჯანდაცვის სამინისტროში და გააგრძელოს ის სამუშაო, რომელსაც ისინი ძალიან დიდი ხანია ემსახურებიან”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები