პრეზიდენტის შვილებზე მუქარის საქმეზე ბრალდებულს ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შვილებზე მუქარის საქმეზე ბრალდებულს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც “კვირას” ადვოკატმა ნინო მჭედლიშვილმა განუცხადა, სასამართლო პროცესებს ბრალდებული არ დასწრებია. მას თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯეს.

“საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს არ დასწრებია. მას თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯეს,” – განუცხადა “კვირას” ადვოკატმა ნინო მჭედლიშვილმა.

თეიმურაზ გორჯესტანის თქმით, ის ლონდონში იმყოფებოდა, როცა 2018 წლის 9 ნოემბერს „ფეისბუქში“ მისთვის სრულიად უცნობმა G.R.-მ მისწერა, მიესალმა და შემდეგ დაურეკა. „ახლა კარგად მომისმინე, ბიჭო“. ამის შემდეგ მას ბრალდებული მუქარის შემცველ ტექსტებს უგზავნიდა.

განაჩენის მიხედვით, თეიმურაზ გორჯესტანს ლათინური შრიფტით სწერდა ბრალდებული ქართულ ენაზე. „სიცოცხლე არ გინდათ? შუბლებს დაგიხვრეტთ თქვენ…“

საქმის განაჩენის მიხედვით, მუქარას მაშინ ჰქონდა ადგილი, როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

მოსამართლეს თეიმურაზ გორჯესტანმა ასევე უთხრა, რომ მუქარის ავტორს არ უპასუხა, თუმცა “ფეისბუქში” მისი პროფილი შეამოწმა და ნახა, რომ იგი სამხედრო ძალების თანამშრომელია. თეიმურაზმა აღნიშნა ისიც, რომ მუქარის ამსახველი “სქრინშოთები” იმავე დღეს დედას – სალომე ზურაბიშვილს გადაუგზავნა.

სასამართლოს ჩვენება მისცა ქეთევან გორჯესტანმაც. მან თქვა, რომ მუქარის შემცველი შეტყობინება იმავე პირისგან თავადაც მიიღო, თუმცა “მას არ განუცდია შიში”.

მოგვიანებით დაზუსტდა, რომ ბრალდებული რეზერვის კაპრალი იყო 2009-2016 წლებში, 2018 წლის 21 მარტს კი უკრაინაში წავიდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული უკრაინის მებრძოლთა რიგებშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები