ირაკლი კობახიძე: ლობისტურ კომპანიას შეცდომა კი არ გაეპარა, ის გაეპარა, რომ ბათუ ქუთელია მიუთითეს, როგორც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი
ლობისტურ კომპანიას, “ორიონ სტრატეჯის” შეცდომა კი არ გაეპარა, ის გაეპარა, რომ ბათუ ქუთელია მიუთითეს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე, ლობისტური კომპანიის „ორიონ სტრატეჯის“ განცხადებას.
კობახიძის თქმით, ბათუ ქუთელია არავითარი „ენჯეო“ არ არის, ის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელია.
“შეცდომა კი არ გაეპარათ, ის გაეპარათ, რომ ბათუ ქუთელია მიუთითეს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. თორემ, რეალობა იყო ასახული. საბოლოო ჯამში, ეს გაასწორეს, თუმცა საზოგადოების აღქმაში ვერ გასწორდება, რადგან მან ისედაც იცის, რომ ბათუ ქუთელია არავითარი „ენჯეო“ არ არის. ის არის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი – გონგო, ნაცი, შმაცი, ყველაფერი ამის ლუსტრაცია მოხდა. როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადავიდა, ისინი გონგოებიდან პროგონგოებად გადაიქცნენ, ანუ, ოპოზიციურ „ენჯეოებად“. მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი ბათუ ქუთელია არის, რომელიც წლების განმავლობაში ურცხვად გვიმტკიცებდა, რომ ის იყო „ენჯეო“ და არა „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა შესაბამის დოკუმენტში შეცდომა გაეპარათ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებას წარედგინა. ამით ნათლად გამოჩნდა ის, რაც ყველამ ვიცოდით, რომ ბათუ ქუთელია არ არის არავითარი „ენჯეო“. ჩვენ რომ ვსაუბრობთ, რომ ნაციონალები „ენჯეოების“ სახელით საუბრობენ, ეს ყველაფერი მარტივად დადასტურდა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს, ლობისტურმა კომპანიამ “ორიონ სტრატეჯიმ” “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს დირექტორის, ბათუ ქუთელიას სახელი ხელშეკრულებაში შეცდომით მოხვდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქუთელია კომპანიის კონსულტაციების არც ერთ პოლიტიკურ ასპექტში ჩართული არ არის. გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დოკუმენტში შეცდომა უკვე გასწორდა.