ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციაა – გაშლილია კარვები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.პარლამენტთან, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. ხალხი ე.წ. რესპუბლიკაში ანტიკორუფციული კანონის მიღებას ითხოვს.
„ველოდებით პარლამენტისგან კორუფციასთან ბრძოლის კანონის მიღებას. უკვე შვიდი წელია ველოდებით. სანამ კანონს არ მიიღებენ, არ დავიშლებით“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ე.წ. პარლამენტთან ამჟამად ხუთი კარავია გაშლილი, ვითარება მშვიდია.
მანამდე, აფხაზმა აქტივისტმა, ჯანსუღ ადლეიბამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოსახლეობას 4 თებერვალს ე.წ. პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდა.
კანონის მიღების საინიციატივო ჯგუფი 2012 წლიდან ცდილობს აიძულოს ე.წ. პარლამენტი, გაეროს კონვენციის მე-20 მუხლის რატიფიცირებას, ასევე ითხოვდა ჩინოვნიკების უკანონო შემოსავლების ზრდა დასჯადი გახდეს.
2019 წელს ე.წ. პარლამენტმა განიხილა და მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, შემოსავლების დეკლარირებასთან დაკავშირებით.