მამუკა მდინარაძე: ქუთელიას შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ მივიდა “ნაცმოძრაობა” სისტემური დანაშაულიდან სისტემურ მანიპულაციამდე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “ნაციონალურ მოძრაობასა” და ერთ-ერთ ლობისტურ კომპანიას შორის დადებული კონტრაქტის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.

მდინარაძის თქმით, კონტრაქტი, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლად ბათუ ქუთელიაა წარდგენილი, კიდევ ერთი სისტემური მანიპულაციაა.

“კიდევ ერთი აქტუალური თემა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ხმოვანდება მედიაში, გახლავთ ლობისტების თემა. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობა, სხვადასხვა ქვეყნების მათ შორის, ამ მიზნით სხვდასხვა დროს, ლობისტურ კომპანიებს ქირაობს ხოლმე.

“ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა თავის მთელი მმართველობის განმავლობაში უწყვეტად თანამშრომლობდა ლობისტურ კომპანიასთან, საუბარია “ორიონ სტრატეჯიზე“, რომელიც ეკუთვნის რესპუბლიკელ რენდი შენემანს და მაიკლ მიჩელს. ლობისტების დახმარებას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ბუნებრივია „ქართული ოცნების“ მთავრობა და ხელისუფლებაც იყენებს, თუმცა ახლა მინდა ყურადღება გავამახვილო მნიშვნელოვან დეტალზე. იმაში, რომ მთავრობა იყენებს ლობისტებს სკანდალური არაფერია, თუმცა მგონია, რომ სკანდალური შეიძლება რეალურად გახდეს ინფორმაცია, რომელსაც ახლა მე გავახმოვანებ.

ბოლო კონტრაქტი, გაფორმებული “ორიონ სტრატეჯისა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის თარიღდება 2019 წლის ოქტომბრით, მოქმედების პერიოდია 1 წელი და სრულდება 2020 წელს ოქტომბერში. კონტრაქტის მიხედვით, ლობისტური კომპანია ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა დაეხმაროს ქართული დემოკრატიის გაძლიერებაში, ეს არის მითითებული კონტრაქტში, ამ ფორმალური მიზნის ქვეშ რა საქმიანობაც უნდა განახორციელოს ლობისტურმა კომპანიამ, ალბათ, ყველასთვის ნათელია. კონტრაქტი არის ღიად ატვირთული ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ელექტრონულ პორტალზე. ამაში, რა თქმა უნდა, გასაოცარი, უჩვეულო და სკანდალური არაფერია, რომ არა იმ პირის ვინაობა, ვინც კონტრაქტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად არის მითითებული.

როგორც ვიცით, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ეს ადამიანი არ უნდა იყოს ფორმალურად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და საჯარო სივრცეში მოქმედებს ე.წ. სამოქალაქო არასამთავრობო სექტორის და ე.წ. ობიექტური ექსპერტის სტატუსით, საუბარია ბათუ ქუთელიაზე, რომლის რეგალიაც დღეს არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი. იმის მიუხედავად, რომ ბათუ ქუთელიას „ნაცმოძრაობის“ დროს არაერთი უმაღლესი თანამდებობა ეკავა, იგი დღეს ცდილობს, წარდგეს საზოგადოების წინაშე, როგორც მიუკერძოებელი და ობიექტური წარმომადგენელი არასამთავრობო სექტორისა და შეუქმნას ქოლგა არასამთავრობო ორგანიზაციის საშუალებით თავის დღის წესრიგს.

ეს დოკუმენტი არის მკაფიო დადასტურება იმისა, როგორ მივიდა „ნაციონალური მოძრაობა“ სისტემური დანაშაულიდან სისტემურ მანიპულაციამდე. ჩვენ ძალიან ხშირად გვაკრიტიკებენ ხოლმე, თუ ვინმემ გაბედა და არასამთავრობო სექტორის რომელიმე წარმომადგენელს დაინტერესებული ან მიკერძოებული უწოდა. ქუთელიას შემთხვევა კიდევ ერთხელ, უკვე მტკიცებულების სახით, ცხადყოფს იმას, რასაც ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ ხოლმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები