თამარ ტალიაშვილი ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი – თამარ ტალიაშვილი, შავი ზღვის რეგიონიდან ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტია.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 23 იანვარს, საფრანგეთის ქალაქ ორლეანში გამართულ “CEMR”-ის პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრაზე მიიღეს, სადაც ასევე, საბჭოს პრეზიდენტი, თანაპრეზიდენტები, კომიტეტების თავმჯდომარეები და აღმასრულებელი პრეზიდენტი აირჩიეს.
„ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო (CEMR) უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა და ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს აერთიანებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ საბჭოს არჩევნებში შავი ზღვის რეგიონმა წელს პირველად მიიღო მონაწილეობა. სწორედ ამიტომ, ჩემთვის დიდი პატივი და ორმაგად საპასუხისმგებლოა ეს თანამდებობა. ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ აღნიშნულ პლატფორმას, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესების გაუმჯობესებას“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში „CEMR“ 2010 წლიდანაა გაწევრიანებული და სხვადასხვა თემების განხილვაში აქტიურად მონაწილეობს.