„კომერსანტი“: საქართველომ, შესაძლოა, ევროპის საბჭოს მინისტრების სხდომა თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში ჩაატაროს
საქართველოს ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, რომ 15 მაისისთვის ჩანიშნული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში ჩატარდეს.
ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ საქართველოს მთავრობასთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
„ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ბევრია დამოკიდებული იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები მაისამდე“, – აღნიშნა წყარომ.
სხდომის გადატანის მთავარი მიზეზი მასზე რუსეთის დელეგაციის დასწრებაა, რომელთა დიდ ნაწილს საქართველოს „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონით, ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალებათ.
კანონი დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსაც შეეხება. თუმცა, როგორც გამოცემას, რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურაში წყარომ განუცხადა, ლავროვის თბილისში ჩასვლის შანსი მინიმალურია.
ევროპის საბჭოს მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით, 2008 წელს მიღებულია სახელმძღვანელო, სადაც ნათქვამია, რომ „მინისტრების სესიები ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. განსაკუთრებით, ევროპის საბჭოსთვის, რომელიც ევროკავშირისგან განსხვავებით მაღალ დონეზე რეგულარულ შეხვედრებს არ მართავს. ამიტომ, პოლიტიკურ დონეზე მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორგანიზაციის მუშაობასთან დაკავშირებით ინფორმაცია რეგულარულად მიიღონ“.
ევროპის საბჭოს რეგლამენტის თანახმად, შეხვედრები უნდა იმართებოდეს 5 მაისის პერიოდში, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ევროპის საბჭო სწორედ 5 მაისს დაარსდა.
2013 წელს მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ „მინისტრების შეხვედრის ადგილთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ორგანიზაციის სტატუტის შესაბამისი უნდა იყოს. სესია სტრასბურგში იმართება, ან ნებისმიერ სხვა ადგილას, რომელსაც მინისტრების კომიტეტი დაადგენს“.
თუმცა, ხშირად აღნიშნული სხდომები ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნებში ტარდება. გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად თავმჯდომარე ქვეყანა სწორედ საქართველოა, მისი ჩატარება თბილისში გადაწყდა.