გარდაბანში გარდაცვლილი ბესიკ ნაცვლიშვილის მეუღლე ექიმების დასჯას ითხოვს
გარდაბანში 7 თვის წინ მომხდარ დაჭრის ფაქტზე სასამართლო პროცესი დასრულდა. გარდაცვლილი ბესიკ ნაცვლიშვილის მეუღლე მომხდარში “ჯეოჰოსპიტალის” ექიმებს ადანაშაულებს და მათ დასჯას ითხოვს.
როგორც ის “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, როდესაც მისი მეუღლე საავადმყოფოში მიიყვანეს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა არ აღენიშნებოდა.
“არცერთი ორგანო დაზიანებული არ ჰქონდა. ჩემი მეუღლე მოკლეს ჯეოჰოსპიტალის ექიმებმა, არ გაუწიეს პირველადი დახმარება და სისხლისგან დაიცალა. როდესაც დამძიმდა, მერე მოითხოვეს ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა და ვიდრე სასწრაფომ გადაიყვანა, მას გული გაუჩერდა. მოვითხოვ, პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის ექიმი, ვინც 39 წლის ბესიკ ნაცვლიშვილი სასიკვდილოდ გაიმეტა”,- აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე.
აღნიშნულთან დაკავშირებით შს სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც “რეგიონულ კვირას” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს სიტყვიერი შელაპარაკების დროს, სიმამრმა სიძე ბესიკ ნაცვლიშვილი დანით დაჭრა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი ნაცვლიშვილი გარდაიცვალა.