გია აბაშიძე: სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკა ყოველთვის ყურადსაღებია, მაგრამ გააჩნია, კრიტიკა რა ინფორმაციას ეფუძნება

ჩვენი მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკა ყოველთვის ყურადსაღებია, მაგრამ გააჩნია, ეს კრიტიკა რა ინფორმაციას ეფუძნება, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აბაშიძე ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების ბოლო პერიოდში გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, არაერთ წერილში არაზუსტი ფაქტები იყო მოყვანილი.

გია აბაშიძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო პიარი საკმაოდ ხარვეზიანია.

„ჩვენი მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკა ყოველთვის ყურადსაღებია, მაგრამ გააჩნია, ეს კრიტიკა რა ინფორმაციას ეფუძნება. ჩვენ დავინახეთ, რომ არაერთ წერილში იყო არაზუსტი ფაქტები, ზოგჯერ რეალობა დამახინჯებული იყო, არ იყო სიმართლე ბოლომდე ნათქვამი. ასევე ვნახეთ, რომ სამწუხაროდ და ეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც აღნიშნეს, არ არის ნახსენები ოკუპაციის უმწვავესი თემა.

ასევე ძალიან მკაფიოდ დავინახეთ, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო პიარი არის საკმაოდ ხარვეზიანი, თავადაც აღიარებენ ამას პარტიის ლიდერები. ეს საჭიროებს გამოსწორებას. ჩვენ ასევე დავინახეთ რამდენიმე თვით ადრე, 2019 წლის ოქტომბერში მე ვიყავი პირველი, ვინც ეს დაინახა ამერიკის საჯარო სივრცეში, რომ ლობისტურმა კომპანიამ დაარეგისტრირა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს კომპანიაა ”orion strategies, რომლის ხელმძღვანელია ბატონი შენემანი. ის ასევე არის IRI-ის სათაო ოფისის ვიცეთავმჯდომარე. როცა ეს ამბავი საქართველოს მედიაში ფართოდ გაშუქდა, შემდეგ შენემანმა თქვა, რომ ჩამოცილდება IRI-ის საქართველოს პორტფოლიოს. უნდა ითქვას, რომ ”orion strategies“ 2004 -დან 2012 წლამდე საქართველოს მთავრობის ლობისტი იყო. რაც შეეხება ლობისტებს: ლობისტები „ქართულ ოცნებსაც“ ჰყავდა ამერიკაში 2012 წლის მერეც, მაგრამ სამწუხაროდ, ჩანს,რ ომ ასე ახლა არ ხდება . ლობისტობა ამერიკაში ლეგალურია, ეს უნდა რეგისტრირდებოდეს.
პრობლემას ვხედავ იმაში, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო პიარვექტორი საკმაოდ ხარვეზიანია, პასუხისმგებლობას ვაკისრებ იმ ადამიანებსაც, რომლებმაც ამას წინათ დატოვეს უმრავლესობა და რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ საგარეო კონტაქტებზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან“, – განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების რამდენიმე წერილი გავრცელდა, სადაც ისინი საქართველოს მწვავედ აკრიტიკებენ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები