ფოთში მოვაჭრეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

ფოთში, მეგრელიშვილის სანაპიროზე საავტომობილო გზა საათზე მეტია, რაც გადაკეტილია. მოვაჭრეები თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზის რეალიზაციისთვის არსებული სავაჭრო კონსტრუქციის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რადგან იგი არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მოვაჭრეები აცხადებენ, რომ წლების მანძილზე ისინი თევზის რეალიზაციას სხვა ადგილზე ახორციელებდნენ, რიონის სანაპიროზე კი მერიის გადაწყვეტილებით სამი წლის წინ გადმოიყვანეს. მათთვის გაუგებარია თუ რატომ არ გაითვალისწინა მაშინ ხელისუფლებამ ის გარემოება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების განთავსება კანონდარღვევა იყო და რატომ გაახსენდა მერიას ეს დღეს.
,,მერიიდან მოვიდა დადგენილება თევზის ბაზრის დახურვის მოთხოვნით. თავის დროზე ბაზრის დირექტორს მისცეს უფლება გაეხნა, მან გაგვიკეთა, მოგვიწყო და ვიყავით კარგად. მაცივრების და ყინვების გარეშე ჩვენ არ ვმუშაობთ, ყველანაირი პირობები გვაქვს, წყალი, შუქი, მაგრამ რად გინდათ, მოვიდა დადგენილება მერიიდან და დაიწყეს დანგრევა. შემოგვთავაზეს ალტერნატიული ფართი მაგრამ, 36 კვადრატში 7 ქალი ფიზიკურად თავისი მაცივრებით, თავისი აუზებით არ დაეტევა. სანამ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, არ გავხსნით გზას, გვაქვს ბანკის ყოველდღიური გადასახადი. “- განაცხადა თევზის რეალიზატორმა ლალი ქორჩილავამ.
მერიის ინფორმაციით, მოვაჭრეებს ხელისუფლება ალტერნატიულ ფართს სთავაზობს, მაგრამ მათთვის აღნიშნული წინადადება მიუღებელია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები