კონკურსის “სუფთა რეგიონი” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი პროექტის “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის “სუფთა რეგიონი” დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო და გამარჯვებულებს სპეციალური ჯილდოები გადასცა.

“ნარჩენების მართვა გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ვფიქრობ, აღნიშნული კონკურსი ხელს შეუწყობს საზოგადოებაში გარემოსდაცვითი კუთხით ცნობიერების ამაღლებას და ქვეყანაში ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას. სამინისტრო ყოველთვის იქნება ისეთი პროექტების მხარდამჭერი, რომლებიც გარემოსდაცვით ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობას გაზრდის”, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

პროექტის “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსი “სუფთა რეგიონი” ქვეყნის მასშტაბით უკვე მეოთხედ ჩატარდა.

2019 წლის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:
• „სუფთა რეგიონი“ – კახეთის რეგიონი
• „სუფთა ქალაქი“ – ქ. ზუგდიდი
• „სუფთა მუნიციპალიტეტი“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
• „სუფთა სოფელი“ – ორსანტია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)
• „ლამაზი აივანი“ – ქ. მცხეთა ლილი კაპანაძე სახლის აივანი
• „სუფთა ქუჩა“ ქ. თბილისი, ს. ზაქარიაძის ქუჩა
• „საწარმოს ლამაზი ეზო“ – ქ. თელავი, ღვინის კომპანია „შუმის“ ეზო
• „ლამაზი ეზო” – ქ. გურჯაანი იზა გაბიტაშვილის ეზო

დაჯილდოების ღონისძიებას შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში, ულრიკ თიდესტრომი, საქართველოს პარლამეტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე და პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები