ირაკლი ბერაია: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხის გადასინჯვის მიზნით ჩვენს პარტნიორებთან აქტიურად ვაწარმოებთ კონსულტაციებს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხის გადასინჯვის მიზნით ჩვენს პარტნიორებთან აქტიურად ვაწარმოებთ კონსულტაციებს, – ამის შესახებ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიაზე მყოფმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს ვალდებულებების შესრულებისკენ.
„რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს, იმ ვალდებულებებს, რაც მას აკისრია საერთაშორისო სამართლით. შესაბამისად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხის გადასინჯვის მიზნით, ჩვენს პარტნიორებთან აქტიურად ვაწარმოებთ კონსულტაციებს. საპარლამენტო ასამბლეის მაღალი ტრიბუნიდან მკაფიოდ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, კიდევ ერთხელ შევახსენებთ რუსებს, რომ მათ უნდა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდისკენ მოვიწოდებთ”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მისივე თქმით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა.
„საგარეო საქმეთა მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს ჩვენი თავმჯდომარეობის პერიოდში იმ პრიორიტეტებზე, რაც განისაზღვრა საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის მიერ. ისაუბრებს, ასევე ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე და წარადგენს მინისტრთა კომიტეტის ანგარიშს. ჩვენთვის, როგორც დელეგაციის წევრებისთვის, განსაკუთრებით პრიორიტეტულია მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს დღეები ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართულებით ძალიან ბევრი საკითხის აქტუალიზაციისთვის, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებით, ასევე, ძალიან პრინციპულად და მკაფიოდ განვაცხადოთ ყველა ის პრიორიტეტი, მათ შორის, სამშვიდობო პოლიტიკის კუთხით, რაც განსაზღვრული აქვს ჩვენს ხელისუფლებას”, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.