ანრი ოხანაშვილი: თუ გენპროკურორის შერჩევის პროცესი ფარსია, მაშინ კახიძეს მხოლოდ შოთაძესთან რატომ სურს კითხვების დასმა?!
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი “ევროპული საქართველოს” წევრის ოთარ კახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას, გარდა ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა, არ დაესწრება.
ოხანაშვილის შეფასებით, კახიძის განცხადება პროცესის პოლიტიკურ დაინტერესებაზე მიუთითებს.
“თუ ფარსია ეს ყველაფერი, მაშინ ბატონ შოთაძესთან მიმართებაში რატომ მოდის და რატომ სურს შეკითხვების დასმა?! თუ ეს პროცესი მისთვის ფარსია, მაშინ საერთოდ აზრს უნდა იყოს მოკლებული მისი ამ პროცესში მონაწილეობა. ამიტომ, საკუთარ თავთან მოდიან წინააღმდეგობაში. ერთის მხრივ, ამბობენ, რომ ეს პროცესი არის დადგმული, თუ ასეა, რატომ აცხადებს, რომ სურს მოვიდეს და დასვას შეკითხვები საპროკურორო საბჭოში მხოლოდ ერთ კანდიდატთან. ეს მიუთითებს მათ პოლიტიკურ დაინტერესებაზე”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.