მამუკა მდინარაძე: კომუნიკაციის გაუმჯობესებას ვაპირებთ და მჯერა, რომ კონგრესმენების პოზიცია სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას დაემთხვევა
ჩვენ კომუნიკაციის გაუმჯობესებას და დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ვაპირებთ – ვიდეო, აუდიო და ა.შ – ყველა მასალით, რაც სიმართლეში დაარწმუნებს იმ კონკრეტულ ადამიანებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციისა და კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
მდინარაძის თქმით, კომუნიკაციური პრობლემები აღმოიფხვრება.
“ვინც პარტიაში საგარეო მიმართულებას ხელმძღვანელობდა, ეს ადამიანები ჩვენი გუნდის წევრები აღარ არიან. სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ ზოგიერთმა ჩვენმა ძალიან პატივსაცემმა კოლეგამ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით გარკვეული კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა ჩვენი მისამართით. ეს კომუნიკაციური პრობლემები აღმოიფხვრება და მჯერა, რომ მათი პოზიცია დაემთხვევა სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას, რომელმაც ცოტა ხნის წინ ძალიან პოზიტიური განცხადება გაავრცელა. ჩვენ კომუნიკაციის გაუმჯობესებას და დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ვაპირებთ – ვიდეო, აუდიო და ა.შ – ყველა მასალით, რაც სიმართლეში დაარწმუნებს იმ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები არიან. ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოში დასავლურ განწყობებს. ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო მიზანი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე, კონგრესმენების აზრი მნიშვნელოვანია.
„ყველას აზრი მნიშვნელოვანია. მაინც და მაინც იმაზე საუბარი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აბსოლუტურად პოზიტიური განცხადება გაავრცელა და შემდეგ რომელიღაც კონგრესმენის აზრი მნიშვნელოვანი არ არის – მე ასე არ მივუდგებოდი საკითხს. ჩვენი გუნდის არცერთი წევრი ასე არ საუბრობს. რა თქმა უნდა, თითოეული კონგრესმენის აზრი მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა მისწერა. ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკაულის წერილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფეისბუქგვერდზე განთავსდა. როგორც წერილშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ „დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზების გამო“. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოთხი ამერიკელი კონგრესმენის წერილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, „არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, ობიექტურად განიხილოს“.