შტორმმა ბარსელონას სანაპიროდან ქვიშის 30% წაიღო – მერი ქალაქის ნაწილის კატასტროფის ზონად გამოცხადებას ითხოვს
ბარსელონას მერი, ანა კოლაუ, ესპანეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ქალაქის სანაპირო ნაწილი კატასტროფის ზონად გამოაცხადოს. ამის მიზეზი შტორმ „გლორიას“მიერ მიყენებული ზიანია, ზარალისდ ოდენობა 12 მლნ ევროს აჭარბებს.
„ქვიშის დიდი რაოდენობა დავკარგეთ, ხეებია წაქცეული, დაზიანებულია პორტი Forum, რომლებსაც აღდგენა ესაჭიროება“, – განაცხადა ბარსელონას მერმა.
მისი თქმით, შტორმმა ბარსელონას სანაპიროდან ქვიშის 30% წაიღო, ზოგიერთ ნაწილში ის საერთოდ აღარ არის. კოლაუ ესპანეთის ხელისუფლებას თანხების გამოყოფას და პრობლემის მოგვარებას ტურისტული სეზონის დადგომამდე მოუწოდებს.
შტორმ „გლორიას“ ესპანეთში 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით დაშავდა. ტალღების სიმაღლე რამდენიმე მეტრს აღწევდა.
კატალონიაში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.