სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთ – ერთი საბანკო დაწესებულების მომართვის საფუძველზე, ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთ – ერთი საბანკო დაწესებულების ოთხი ყოფილი თანამშრომელი და ერთი მოქალაქე დააკავეს.
როგორც “კვირას” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, დევნილთა შემწეობისა და სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირთა საბანკო ანგარიშებზე ხელი მიუწვდებოდათ.
უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ, აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეთა ანგარიშები მოიძიეს, რომლებზეც ნაშთის სახით განთავსებული გარკვეული ფულადი თანხები იყო, საერთო ჯამში – 71 972 ლარის ოდენობით, რაც სხვადასხვა მანიპულაციების მეშვეობით, მათთვის სასურველ ანგარიშზე გადარიცხეს და შემდგომ გაანაღდეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების მხილების მიზნით.