სტრასბურგში, საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტად ახალგაზრდობის საკითხის შერჩევას მაღალი შეფასება მისცეს

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, გაიმართა მინისტრთა მოადგილეების არაფორმალური შეხვედრა თემაზე „ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება ევროპის საბჭოში და მის წევრ ქვეყნებში”.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი გივიაშვილმა გახსნა. საკუთარ გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდობის საკითხების პრიორიტეტულობას ევროპის საბჭოსთვის და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ამ კუთხით ორი მიმართულებით მუშაობს – ხელი შეუწყოს ახალგაზრდების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და გაიზარდოს ახალგაზრდების აქტიურობის შესახებ ცნობადობა.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი მიესალმა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობამ თავის პრიორიტეტად შეარჩია ახალგაზრდობის თემატიკა. გენერალური მდივნის მოსაზრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სამი ძირითადი ღირებულების – ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცებაში. გენერალურმა მდივანმა ასევე, ისაუბრა ახალგაზრდებისთვის განათლების უფლებისა და სოციალური უფლებების მიღების შესაძლებლობის შექმნაზე. ამ კუთხით გენერალური მდივანი მიესალმა ახალგაზრდობის სექტორში 2030 წლის სტრატეგიის მიღება, და განაცხადა, რომ სტრატეგიის ძირითადი მიზანია, შექმნას ისეთი მექანიზმები, რომელიც ახალგაზრდების წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს უპასუხებს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართა საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რევაზ ჩარკვიანმა. ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა ეროვნულ დონეზე ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში სააგენტოს როლზე. მან ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც ახალგაზრდობის სექტორში გატარდა და მოახდინა ამ მიმართულებით სამთავრობო უწყებების ფუნქციების გაერთიანება. მისი თმით სწორედ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდობის ჩართულობით არის შესაძლებელი თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა.

შეხვედრის ფარგლებში პრეზენტაციები გააკეთეს ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის საკითხებზე მრჩეველთა საბჭოსა და ახალგაზრდობის ერთობლივი საბჭოს თავმჯდომარემ, ანია ოლინ პაპმა; ევროპის ახალგაზრდული ფორუმის ვიცე-პრეზიდენტმა, ვილი მაიამამ და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში ახალგაზრდა დელეგატების ყოფილმა წარმომადგენელმა და SAY (მდგრადობა და ადვოკატირება ახალგაზრდების მიერ) დამფუძნებელმა, ნილს დე ფრაგიემ. გამომსვლელებმა ისაუბრეს ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობაზე.

შეხვედრაზე გაიმართა აქტიური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა. დელეგაციები მიესალმნენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პრიორიტეტად საქართველოს მიერ ახალგაზრდობის საკითხის განსაზღვრას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სექტორის 2030 წლის სტრატეგიის ოფიციალური პრეზენტაცია და მიღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები