პოლონეთის სეიმმა მოსამართლეებთან დაკავშირებით სკანდალური, “ალიკაპის კანონი” მიიღო
პოლონეთის სეიმმა საბოლოოდ დაამტკიცა კანონი, რომელიც სამსახურიდან იმ მოსამართლეების გათავისუფლების შესაძლებლობას იძლევა, რომლებიც მმართველი გუნდის გადაწყვეტილებებს გააკრიტიკებენ.
კანონპროექტის ინიციატორი ქვეყნის მმართველი პარტია იყო, რომლის მტკიცებით, საჭიროა მოსამართლეების „ანარქიის“ არიდება, რადგან მათი ნაწილი მმართველი პარტიის პოლიტიკას კრიტიკულად აღიქვამს. ასევე, აცხადებენ, რომ რეფორმა კორუფციასთან ბრძოლისთვის არის აუცილებელი.
გარდა ამისა, 23 იანვარს, პოლონეთის იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ უზენაესი სასამართლოს დადგენილებებს არ ცნობენ, რადგან ახალი მოსამართლეები სასამართლოში უკანონოდ დაინიშნენ.
სკანდალურ კანონს 17 იანვარს მხარი პოლონეთის სენატმა არ დაუჭირა.
პროცედურულად, ამიერიდან სეიმის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს ხელი, ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
კანონი მოსამართლეებს პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს, ასევე დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს იმ მოსამართლეებს, რომლებიც სხვა ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეების „დანიშვნასა და მუშაობის პირობებს“ ეჭვქვეშ დააყენებენ.
კანონპროექტი ევროკავშირმა, გაერომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაგმეს.
პოლონეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მალგორზატა გერსდორფმა დოკუმენტს „ალიკაპის კანონი“ უწოდა.
ევროკომისია პოლონეთის მიერ იუსტიციის სფეროში ჩატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით ზომებს 2016 წლიდან ღებულობს.
ბრიუსელი ვარშავას იუსტიციის ორგანოების დამოუკიდებლობის სისტემატურ შეზღუდვასა და ხელისუფლების გადანაწილების პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებს.