პროფესორი ვასილ გონაშვილი: გიორგი შარვაშიძის მიმართ გამოთქმული ბრალდება მცდარია

“გიორგი შარვაშიძის შემთხვევაში პლაგიატი არ დასტურდება, ეს მცდარი ბრალდებაა”, – ამის შესახებ პროფესორმა ვასილ გონაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პროფესორმა გონაშვილმა აღნიშნა, შარვაშიძის შემთხვევაში პლაგიატის არანაირი საფუძველი არ იკვეთება.

“იცით, როგორი სიტუაციაა? ერთია, ზოგადად, დამთხვევა, როდესაც პლაგიატზე მოწმდება და მეორეა, ზოგადად, პლაგიატი. პლაგიატი ნიშნავს სხვისი ნაშრომის გამოყენებას, ნაშრომის მოპარვას. გიორგი შარვაშიძის შემთხვევაში ეს, რა თქმა უნდა, არ დასტურდება და არც დადასტურდა. შეიძლება იდავონ იმაზე, დარღვეული იყო თუ არა მითითების წესები. მაგალითად, მითითებული უნდა ჰქონოდა თუ არა განმარტებით ბარათში სხვების ნაშრომი. ამ დროს მითითებული ჰქონდა ტექსტში. იმის თქმა, რომ სხვისი ნაშრომია გამოყენებული, არ დასტურდება”, – განაცხადა გონაშვილმა.

მისივე განმარტებით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის თანახმად, ნორმატიული ხასიათების მქონე დოკუმენტებზე საავტორო უფლება არ ვრცელდება.

„მათ შორის იგულისხმება ის დოკუმენტები, რომლებიც ნორმატიულ მასალას უნდა ერთვოდეს, როდესაც პარლამენტი და სხვადასხვა ორგანო იღებს. ანუ პირდაპირ არის მითითებული, რომ ნორმატიული ხასიათის მქონე დოკუმენტებზე საავტორო უფლებები არ ვრცელდება. ეს ცალსახაა. როდესაც საუბარია იმაზე, რომ არის დამთხვევა გარკვეულ ტექსტში, საუბარია, სწორედ განმარტებით ბარათზე, რომელზეც საავტორო უფლებები არ ვრცელდება. ამავდროულად, ისიც აღსანიშნავია, რომ, როდესაც დისერტაციის ავტორი იყენებს განმარტებით ბარათს, ასევე, მითითებული აქვს არა სქოლიოში, არამედ თვითონ ტექსტში, რომ ამ განმარტებით ბარათზე, ასევე, მუშაობდნენ „ჩემთან ერთად სხვა ავტორები, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი”. აქედან გამომდინარე, არანაირად არ უნდა ვისაუბროთ პლაგიატზე”, – განაცხადა ვასილ გონაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები