სლოვაკეთის გარემოს დაცვის მინისტრი ხულიგნობისთვის დააკავეს
სლოვაკეთის გარემოს დაცვის მინისტრი, ლასლო სოლიმოში და მისი ძმა, პოლიციამ ხულიგნობისთვის დააკავა.
სლოვაკეთის რადიოს ინფორმაციით, სოლიმოში და მისი ძმა, ძლიერი ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, ბრატისლავას პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მას შემდეგ მიიყვანეს, რაც მათ ჩინურ რესტორანში სკანდალი მოაწყვეს.
მედიის ცნობით, ძმებმა რესტორნის პერსონალთან იჩხუბეს და შენობის შუშის კარი ჩაამტვრიეს.
ერთ-ერთ მიმტანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტის დროს სოლიმოში ყვიროდა, რომ მინისტრის თანამდებობას იკავებს და სათანადო პატივისცემას ითხოვს.
დაკავებულების წინააღმდეგ, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის და სხვისი ქონებისთვის ზიანის მიყენების მუხლებით აღიძრას.