“ქუთაისის მადლიერების სახლის” ავტოქარხნის ფილიალი გარემონტდა (ფოტო)
ქუთაისში “მადლიერების სახლის” ავტომშენებლის ფილიალს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა სასადილო და სამზარეულო. მოეწყო სველი წერტილები.
“ჩატარდა სამზარეულოსა და სასადილოს სარემონტო სამუშაოები. “მადლიერების სახლი” უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებდა, თუმცა, აქ არსებული გამწოვი სისტემები თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. გარდა ამისა, მოწესრიგდა სველი წერტილები. მუშაობას ჩვეულ რიტმში ვაგრძელებთ,” – განაცხადა “მადლიერების სახლის” დირექტორმა, თამთა ბაკურაძემ.
სარემონტო სამუშაოები ინდმეწარმე გიორგი არჯევანიძემ ჩაატარა. განახლებული ფილიალი ქუთაისის მერმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
„მადლიერების სახლის“ ავტოქარხნის ფილიალს რეაბილიცატია ჩაუტარდა, რომელიც 9 000 ლარამდე დაჯდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს ემსახურება. აუცილებელია იყოს რეაბილიტირებული და სუფთა გარემო, მნიშვნეოვანია რომ მეტი კომფორტი შევუქმნათ ჩვენს თანამოქალაქეებს“, – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
„მადლობელი ვარ ყურადღებიანი ხალხია, ყველაფერი წესრიგშია, მადლობის მეტი რა მეთქმის. კმაყოფილები ვართ, რომ გარემონტდა. საკვებითაც კმაყოფილი ვარ. საკმარისია სრულყოფილი კვებისთვის“, – აღნიშნა ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ლილი ნიკოლეიშვილმა.
“მადლიერების სახლის” ავტომშენებლის ფილიალი 2005 წლიდან ფუნქციონირებს. აიპი საკვებით ჯამში 800 ბენეფიციარს უზრუნველყოფს, ხოლო ავტომშენებლის ფილიალი 150 ბენეფიციარს ემსახურება.