სალომე ზურაბიშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის “ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
„ჩემთვის პატივია, რომ დღეს ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინი გვმასპინძლობს იერუსალიმში. უსაფრთხოება, ვაჭრობა, ინვესტიციები, ტექნოლოგიები, კულტურა – ყველა ეს საკითხი ჩვენს დღის წესრიგშია, რათა კიდევ უფრო გავაღრმაოთ ისედაც ახლო და ისტორიული კავშირები,“ – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრეზიდენტის რეზიდენციაში სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„საქართველოსა და ისრაელს შორის არა მხოლოდ ღრმა და ახლო ურთიერთობებია, არამედ – ისტორიული. განვლილმა 26-მა საუკუნემ ჩამოაყალიბა კავშირი ებრაელ და ქართველ ხალხებს შორის“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ ინფორმაციაში.