“ახალგაზრდა ადვოკატები“: თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმებას დასაბუთება აკლია

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილებაზე მეტ საჯაროობას, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და გამჭვირვალობას მოითხოვს, რათა გამოირიცხოს მიკერძოებისა და შერჩევითი დამოკიდებულების სავარაუდო ნიშნები.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2019 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ადგილი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას, მათი საგანმანათლებლო და კომერციული ინტერესების დაზიანებას, წაგებული დავების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზიანს, რაც მენეჯმენტის პოლიტიკის კრიზისზე მეტყველებს.

ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, 2017 წელს აკრედიტაცია მიენიჭა 75 საგანმანათლებლო პროგრამას. 2018 წლის 01 იანვრიდან 01 მარტამდე 173 საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია, ხოლო 47 საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა პირობითი აკრედიტაცია. ამასთან, 2017 წელს მონიტორინგის გზით, 1 საგანმანათლებლო პროგრამას გაუუქმდა აკრედიტაცია. ამასთან, 2017 წელს არცერთ დაწესებულებას არ მინიჭებია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, ხოლო ავტორიზაცია გაუუქმდა 1 დაწესებულებას. 2018 წელს ავტორიზაცია მიენიჭა 24 დაწესებულებას და ავტორიზაცია გაუუქმდა 6 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. 2019 წელს ავტორიზაცია მიენიჭა 2 დაწესებულებას და 1 დაწესებულებას გაუუქმდა ავტორიზაცია.

რაც შეეხება 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს, მოგახსენებთ, რომ საერთო სასამართლოებში მოსარჩელის, მოპასუხის ან/და მესამე პირის სტატუსით ცენტრი ჩართულია 382 სასამართლო დავაში, რომელთაგან 11 საქმე შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის/ავტორიზაციის მინიჭების ან/და გაუქმების საკითხებს. ამასთან, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ცენტრის მიერ აღსრულდა სულ 139 საქმე. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ცენტრის მენეჯმენტის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების აღსრულება, მთლიანობაში 210934.85 ლარი დაუჯდა. ცენტრის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, გადახდილი თანხები ასე გამოიყურება: 2017 წელს – 9940.33 ლარი, 2018 წელს – 199,532.52 ლარი, ხოლო 2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემით – 1462.00 ლარი.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოებში არსებობდა დავები, სადაც ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებების მოქმედება შეჩერდა. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს წამოებაში არსებულ ერთ-ერთ საქმეზეც, სადაც სასამართლომ ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების მოქმედება შეაჩერა, რომლითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, 2019-2020 სასწავლო წლისთვის, სტუდენტების მიღებას უკრძალავდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული განჩინება და სრულად დაკმაყოფილდა მოთხოვნა, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, უნივერსიტეტს უფლება ერთმეოდა მიეღო სტუდენტების ნაკადი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტის მოქმედების შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა და გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეუჩერებლობა არსებით ზიანს აყენებდა უნივერსიტეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები