თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე: პლაგიატი არ დადგინდა
პროფესორი, დოქტორი და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ქეთევან ხუციშვილი, თსუ-ის რექტორის სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რექტორის დისერტაციის შესახებ ბოლო დროს გარკვეული კითხვები დაისვა, მაგრამ აკადემიური ნაშრომის პლაგიატად შეფასების საფუძველი არ არსებობს.
მისი თქმით, აღნიშნული დისერტაცია გატარდა turnitin-ის პროგრამაში და პლაგიატი არ დადგინდა.
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის დისერტაციასთან დაკავშირებით ბოლო დროს გარკვეული კითხვები დაისვა. ვინაიდან, ვარ თსუ სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, პირველივე დღიდან დავინტერესდი საკითხით. აღნიშნული დისერტაცია გატარდა turnitin-ის პროგრამაში. შედეგი შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა განვიხილეთ. პლაგიატი არ დადგინდა. ოპონენტების ძირითადი პრეტენზია გამოითქვა საქართველოს პარლამენტის მიერ წლების წინ მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელიც რექტორს ნაშრომში აქვს გამოყენებული. მართალია, აღნიშნული დოკუმენტი სქოლიოსა და ბიბლიოგრაფიაში არ არის ასახული, თუმცა, დისერტაციის ტექსტში არის მითითებული. შეიძლება ციტირების პრინციპზე ვიდაოთ, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნაშრომის გაფორმების წესი დღეს სხვაა და 15 წლის წინ, როცა დასახელებული დისერტაცია დაიწერა, სხვა იყო. ერთიანობაში და შინაარსობრივად კი დისერტაციაში არა მარტო დადგენილებაა მითითებული, არამედ მისი მიღების თარიღი, წინაპირობა და ყველა იმ პირის სახელი და გვარი, რომლებიც რექტორთან ერთად ამ დადგენილებაზე მუშაობდნენ. შესაბამისად, დასახელებული არგუმენტი ვერ იქნება აკადემიური ნაშრომის პლაგიატად შეფასების საფუძველი“, – აცხადებს ქეთევან ხუციშვილი.
ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიიღო ოფიციალური წერილი, რომელშიც წერია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატი ნაშრომის 34 პროცენტის მოცულობითაა დადასტურებული.
ეს დასკვნა პროფესორმა მისი მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო.
„თავისუფლების მონიტორმა“ გასულ წელს მოიძია დოკუმენტები, რომლებიც, ექსპერტების შეფასებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს პლაგიატში ამხელდა. „სადავო 40 გვერდი დისერტაციიდან“ ეთერში 2019 წლის 15 ნოემბერს გავიდა.
სწორედ ამ მასალის გამოქვეყნების საფუძველზე ითხოვა იაგო კაჭკაჭიშვილმა უნივერსიტეტის საექსპერტო დასკვნა.