ადგილობრივები: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ე.წ ბორდერიზაციის პროცესი არ გაუახლებიათ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაციების  ე.წ სასაზღვრო ზოლზე დაახლოებით, 100 მეტრის პერიმეტრზე აღმართეს და მავთულხლართები ე.წ საზღვრის აღმნიშველი ღობეებით ჩაანაცვლეს.
როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ “რეგიონულ კვირასთან” განაცხადა,  საოკუპაციო რეჟიმმა ბორდერიზაციის პროცესი გუშინ დილიდან განაახლა და მთელი დღის განმავლობაში ცოცხალი ძალა მუშაობდა. დღეს დილიდან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე. წ ადმინისტრაციულ საზღვართან არ გამოჩენილან და შესაბამისად უკანონო სამუშაოებიც არ გაუგრძელებიათ.
„ყოველ დღიური საფრთხის ქვეშ ვართ. გუშინ მთელი დღე მუშაობდნენ. აღნიშნულ ზოლს თუ მიყვნენ ჩვენი ნაკვეთებიც შესაძლებელია მოყვეს ოკუპირებულ ტერიტროიაზე. ჩვენ ეგენი არაფერს გვიშლიან, მაგრამ შეიძლება მავთულხლართების იქით სოფლის სალოცავი და სასაფლაოც მოყვეს”,- განაცხადა ლამარა გუგუტიშვილმა.

საოკუპაციო ძალების ბორდერიზაციის პროცესის განახლების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, მიმდინარეობს მავთულხლართების ე.წ საზღვრის აღმნიშველი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე.წ ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს.
,,საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ინსტალაციები აღმართეს. მიმდინარეობს მავთულხლართების ე.წ საზღვრის აღმნიშველი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე წ ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღსანიშნავია, რომ სუს-ს არ ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებშიც განიხილოს, რომელიც საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილების შედეგად 2019 წლის 29 აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილია“,-  ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები