ნათია თურნავა: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას მძიმე ყოფა შეუმსუბუქოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით ოკუპაცია ნომერ პირველი გამოწვევა და სატკივარია, ისევე, როგორც სიღარიბე, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი.
მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს მდგომარეობა შეუმსუბუქოს.
„ოკუპაცია ნომერ პირველი გამოწვევა და სატკივარია, ისევე, როგორც სიღარიბე, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მაქსიმალურად შეუმსუბუქოს ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ისედაც მძიმე ყოფა, რომელიც გამოწვეულია საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებით. მათ შორის არის სოციალური დახმარება, მათ შორის ენერგეტიკაში ვაკეთებთ თანადაფინანსებას მოხმარებული ელექტროენერგიის, გაზის მიერთების საფასური და ხორციელდება მრავალი სხვა ღონისძიება, ასევე პროგრამა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსახლეობა იყოს ჩვენი ყურადღების ცენტრში“, – განმარტა ნათია თურნავამ.