ალექსანდრე კობაიძე: არის პირდაპირი, ან ირიბი ზეწოლა საპროკურორო საბჭოზე, რომ გარდა შოთაძისა, არ შეარჩიონ სხვა კანდიდატი
არის პირდაპირი, ან ირიბი ზეწოლა საპროკურორო საბჭოზე, რომ გარდა ირაკლი შოთაძისა, მთავარი პროკურორის პოსტზე არ შეარჩიონ სხვა კანდიდატი, – ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ალექსანდრე კობაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
კობაიძე საპორკურორო საბჭოს მოუწოდებს, ირაკლი შოთაძე არ აირჩიონ.
„სამწუხაროა, როდესაც სახელისუფლებო პარტიისგან ხდება ზეწოლა საპროკურორო საბჭოზე, რადგან ისინი აკეთებენ მხოლოდ ერთ სუბიექტზე განცხადებას და ღიად უჭერენ მხარს შოთაძეს. სხვა კანდიდატებს, ფაქტობრივად, არც განიხილავენ, მიუხედავად იმისა, რა გამოცდილება აქვთ ამ კანდიდატებს, რა წვლილი მიუძღვით მართლმსაჯულების განვითარებაში.
ეს არის პირდაპირი, ან ირიბი ზეწოლა საპროკურორო საბჭოზე, რომ გარდა შოთაძისა, არ შეარჩიონ სხვა კანდიდატი. მე მოვუწოდებ მოვუწოდებ საბჭოს, რომ გაუძლოს ამ ზეწოლას და არ დაამტკიცონ შოთაძე. მე ასევე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ შეწყვიტონ ზეწოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებს ისეთ მართლმსაჯულებას, რომელიც ბატონ შოთაძეს უკვე ჰქონდა. ეს, იყო შერჩევითი სამართალი და გაუხსნელი საქმეები. იმ შემთხვევაში, თუ მე ვიქნები მთავარი პროკურორი: ხალხის სამსახურში ჩავაყენებ პროკურატურას, ასევე მოვახდენ კადრების ცვლილებას. ვფიქრობ ამდენი ხნის განმავლობაში უნდა შეცვლილიყვნენ კადრები, რაც მთავარია, გავამახვილებ ყურადღებას პროფესიონალიზმზე“, – განაცხადა კობაიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის 17 დეკემბერს გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა. აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს 17 კანდიდატი წარუდგინეს. ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე კანდიდატად “საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“. წარადგინა.
თამუნა შეყილაძე