შუახევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სანერგე და საჩითილე მეურნეობა გაიხსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, შუახევის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სანერგეები, საჩითილე მეურნეობა და ვეტერინარული კლინიკა გახსნა.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ახალი სანერგე და საჩითილე მეურნეობა ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, მოემსახურება მთიანი აჭარის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს და მათ საშუალებას მისცემს ნიადაგურ -კლიმატურ პირობებში წარმოებული სარგავი და საჩითილე მასალა მიიღონ.
,,შუახევის მუნიციპალიტეტში ამოქმედდა აგროკომპლექსი, რომელიც მოიცავს თანამედროვე ვეტერინარულ კლინიკას, საჩითილე და სანერგე მეურნეობას. მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსი მოემსახურება მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს. სახელმწიფო მაქსიმალურად გააგრძელებს თანამედროვე სტანდარტების კომპლექსების შექმნას, რათა კიდევ უფრო განვითარდეს აგროსექტორი და ფერმერებს უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
პროგრამა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში ხორციელდება და ფერმერებს საშუალებას აძლევს აწარმოონ მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული, უვირუსო, ეკოლოგიურად სუფთა, რაოდენობრივად უხვი მოსავლის ხეხილოვანი ნერგები და ბოსტნეული კულტურების ჩითილები.
პროგრამის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭვანაში (ჩხავერის, ცოლიკაურის, ოჯალეშის, საწურის, საკმიელას, კრახუნასა და ალექსანდროულის) ვაზის 1200 ნერგი დაირგო. ასევე, სოფელ ქიძინიძეებში 6000 კვ.მ-ზე გაშენდა 500 ძირამდე (მსხალი, ვაშლი, ჩანდლერის ჯიშის ნიგოზი, ქლიავი, ბალი, ტყემალი, ვაშლატამა) ხეხილის სანერგე მეურნეობა. გაიხსნა ვეტერინარული კლინიკა, რომლის საერთო ფართი 70 კვ.მ-ია. კლინიკაში განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი. ვეტერინარიის ხელშეწყობით გაუმჯობესდება მეცხოველეობის განვითარება.
გახსნის ცერემონიაში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. პროგრამის ბიუჯეტი 744 970 ლარს შეადგენს და აჭარის მთავრობის მიერ ფინანსდება.