“NDI“: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% “ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 13% კი “ნაცმოძრაობას“
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 13 პროცენტი კი “ნაციონალურ მოძრაობას”, – ამის შესახებ “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევაშია ნათქვამი.
კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 14 პროცენტი პასუხზე უარს აცხადებს, კიდევ 14 პროცენტი ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას.
“ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკითხულთა 13 პროცენტი ასახელებს, 12-მა პროცენტმა კი არ იცის.
“ევროპულ საქართველოს“ რვა პროცენტი ასახელებს, “ლეიბორისტულ პარტიას“ ხუთი პროცენტი, ოთხი – “პატრიოტთა ალიანსს“; „პოლიტიკურ პლატფორმა – ახალ საქართველოსა“ და „დემოკრატიულ მოძრაობა – ერთიან საქართველოს“ სამ-სამი პროცენტი; “გირჩს“ – ორი პროცენტი, ხოლო სხვა პარტიებს ასევე ორი პროცენტი.
ავტორების ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
“ენდიაის“ კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის “UK aid”-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას “CRRC- საქართველო“ ატარებს. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.