სემეკი წყალმომარაგების სექტორში ქსელზე მიერთების საფასურს ამცირებს

წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური მცირდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განიხილავს პაკეტს, რომელიც მუნიციპალიტეტებში ქსელზე მიერთების საფასურის 100 ლარით შემცირებას გულისხმობს. რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს, მიუხედავად სამუშაოების სირთულისა, სემეკი მიერთების საფასურს უცვლელად შეინარჩუნებს.

სემეკის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების მსგავსად, წყალმომარაგების სექტორშიც ქსელზე მიერთების დიფერენცირებული საფასურები დაწესდება. აღნიშნული განპირობებულია თვითმმართველ ქალაქებში ქსელზე მიერთების სამუშაოების სირთულის სპეციფიკით (ასფალტის საფარის აღება, სხვადასხვა ნებართვების საჭიროება და ა.შ.).

„საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ქსელზე მიერთების ხელმისაწვდომობა რომ გაზრდილიყო, შევიმუშავეთ პაკეტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებში მიერთების საფასური 400 ლარამდე გახდება. ამასთანავე, კომპანია ვალდებული იქნება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მიერთების საფასური 2 წელზე განუწილვადოს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მიერთების საფასურის შემცირებაა დაგეგმილი იმ მსხვილი მომხმარებლებისთვისაც, რომლებიც საჭიროებენ დიდი დიამეტრის მილსადენებს. 100- და 150-მილიმეტრიან წყალარინების მილსადენებზე მიერთების აქამდე მოქმედ საფასურებს შორის დიდი სხვაობა იყო, რაც რიგ შემთხვევებში სადავო ხდებოდა. შესაბამისად, ეს სხვაობა დაბალანსდა წყალარინების დიდი დიამეტრის მილსადენების მიერთების საფასურის შემცირებით. მაგალითისთვის, 150 მმ წყალარინების მილის მიერთება თვითმმართველი ქალაქებისთვის 39%-ით მცირდება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებისთვის – 57%-ით“, – განაცხადა სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები