არჩილ ყარაულაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, იური რატასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-ესტონეთის მეგობრული ურთიერთობები და ინტენსიური თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ეკონომიკური კუთხით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების აუცილებლობას ხაზი გაესვა და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების შემდგომი გააქტიურების სურვილი დაფიქსირდა.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. იური რატასმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ ესტონეთი საქართველოს მხარდასაჭერად ყველა შესაძლო საერთაშორისო პლატფორმას იყენებს.
მხარეებმა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს. იური რატასმა დაადასტურა, რომ ესტონეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პროცესების მხარდაჭერას გააგრძელებს.
არჩილ ყარაულაშვილმა იური რატასს საქართველოსადმი ესტონეთის მტკიცე თანადგომისა და შეუქცევადი მხარდაჭერისთვის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით მადლობა გადაუხადა.