მამუკა ხაზარაძე: ქვეშეთი-კობის გზით რუსეთს ტანკებით კომფორტულად შემოსვლის ახალ შესაძლებლობას ვაძლევთ

ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკაა, რომ მთელი ვექტორი წავიდეს რუსეთისკენ, ამას მოწმობს ქვეშეთი-კობის საგზაო მონაკვეთის დაფინანსება, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესში შედის, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოს ეზოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეშეთი-კობის პროექტი რუსეთის ინტერესში შედის.

„ჩვენ ვიმყოფებით ბიძინა ივანიშვილის დადგმულ შოუზე სასამართლოში, თითქმის ყოველ დღე გვიწევს აქ მოსვლა. ჩვენ გვქნება პრეზენტაცია ხედვების, იმ პრობლემების, რომელიც ქვეყანაშია. ანაკლიის პროექტის გაჩერება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფომ ოთხ ბანკს, რომელთანაც ხელი გვაქვს მოწერილი 400 მილიონ დოლარზე, არ გასცა 50 მილიონი დოლარის გარანტია, რომელიც უნდა გაცემულიყო უკვე აშენებული პორტის შემდეგ. ანაკლიიდან ოთხ კილომეტრში არის ე.წ. საოკუპაციო ზოლი და შესაბამისად, ტვირთბრუნვის დაზღვევის თვალსაზრისით ბანკებმა მოითხოვეს 50 მილიონი დოლარი გარანტია, რომელიც ალბათ არასდროს არ დასჭირდებოდა, რომ სახელმწიფოს გამოეყენებინა, რადგან 40%-იანი ზრდა არის კონტეინერების საქართველოს გავლით.

რუსეთის ინტერესში შედის ქვეშეთი-კობის პროექტი, ყაზბეგისკენ მიმავალი გზა, რომელიც სახელმწიფო დააფინანსა. ჩვენ ჩვენი ფულით, სახელმწიფო ბიუჯეტით და მოზიდული ვალით, რომელიც შეადგენს ნახევარ მილიარდს, ვდებთ პროექტში, რომლითაც ვაძლევთ რუსეთს ტანკებით კომფორტულად შემოსვლის ახალ შესაძლებლობას, იმ ქვეყანას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა, რომ მთელი ვექტორი წავიდეს რუსეთისკენ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები