კოკო გამსახურდია: ცოტნეს დაჭრის ფაქტზე ადვილი შესაძლებელია, სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, ოჯახი და ადვოკატი პირადად გაეცნობიან. ისინი საქმის დამატებითი მტკიცებულებების და მასალების გასაცნობად საქმის გამომძიებლებს თბილისის პროკურატურაში ხვდებიან. კონკრეტულად რა მტკიცებულებებზე და საქმის რა მასალებზეა საუბარი ჯერჯერობით უცნობია.
ცოტნე გამსახურდიას ძმის, კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ადვილი შესაძლებელია, სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
“რა თქმა უნდა, ეს არის თავდასხმა და მკვლელობის მცდელობაა, რა უნდა გამოიკვეთოს? ჯერჯერობით არაფერი ინფორმაცია არ გამაჩნია. ახლა ვნახავთ, რა მასალებია დამატებით. იყო როგორც ასე ვთქვათ, უშუალოდ ფიგურანტების ჩვენებები, ასევე ამ დანაშაულის უშუალოდ ჩამდენების და მათი ადვოკატების, რასაკვირველია იყო ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებიც. კითხვები არის, რამდენადაც ჩვენს ქვეყანაში ჯერაც არ არის გამართული გამოძიების სისტემა. სასამართლოსთანაც იყო კითხვები სხვათა შორის, როდესაც ის ერთი ფიგურანტი გაუშვეს და ეს კითხვები რჩება. ძალიან ადვილი შესაძლებელია, დადგეს სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც,” – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს.