ალხას კვიწინია: არ გვაქვს გადაწყვეტილი, ოპოზიციურ ძალთა ბლოკიდან კენჭს ვინ იყრის

ოპოზიციურ ძალთა ბლოკს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის წარადგენს კანდიდატად 22 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა, მაღალი ალბათობით, ეს ასლან ბჟანია იქნება.

ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა, ალხან კვიწინიამ განაცხადა.

„ოპოზიციას ჰყავს ლიდერი – ასლან ბჟანია. მაგრამ, როგორც იცით, ის მოწამვლის შემდეგ რეაბილიტაციას გადის. ჯერჯერობით, ამ საკითხზე არ გვისაუბრია. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გვაქვს. მსჯელობას გავმართავთ“,-აღნიშნა კვიწიანიმ.

მისივე თქმით, „ქვეყანაში ვითარება უკვე დასტაბილურდა, წინ ახალი არჩევნებია“.

„ახალი არჩევნები იქნება, ვნახავთ, ვინ იყრის კენჭს. ვითარება დასტაბილურდა. როგორია პროგნოზები? უკეთესი ცხოვრების იმედი გვაქვს“,- განაცხადა ალხას კვიწინიამ.

ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიის გადაწყვეტილებით, 2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგი 10 იანვარს გაბათილდა. ე.წ. ცესკომ განმეორებითი ე.წ. არჩევნები 22 მარტისთვის დანიშნა.

12 იანვარს, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ, ე.წ. თანამდებობა დატოვა. დღეს კი, ე.წ. პოსტის დატოვების შესახებ განცხადება ე.წ. ვიცე-პრემიერმა, ასლან ბარციცმა გააკეთა. მისივე თქმით, ხაჯიმბა ე.წ. არჩევნებზე კენჭს აღარ იყრის.

სოხუმში ხაჯიმბას გადადგომისა და ე.წ. არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია, 9 იანვარს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები