მამუკა ხაზარაძე: სახელმწიფომ ანაკლიის პორტის ამ ე.წ. გადავადებებით თვალი აუხვია საზოგადოებას და პარალელურად გააგრძელა დესტრუქციული ნაბიჯები
ტყუილია, რომ კონსორციუმი არ ასრულებდა ვალდებულებებს. დღესაც კი არსებობს ინვესტორი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, – ამის შესახებ „თიბისი ბანკისა“ და პარტია „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ხელისუფლების გადაწყვეტილებას „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე.
ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაში მონაწილეობას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იღებდნენ.
„ტყუილია, რომ კონსორციუმი არ ასრულებდა ვალდებულებებს. დღესაც კი არსებობს ინვესტორი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შესრულებული იყო. სახელმწიფომ ამ ე.წ. გადავადებებით თვალი აუხვია საზოგადოებას და პარალელურად გააგრძელა დესტრუქციული ნაბიჯები, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამ პროექტის განხორციელებას. ყველა ამ საკითხზე იქნება საკმაოდ სერიოზული დავა. არსებობს უზარმაზარი ტომები ჩვენი მთავრობის წევრების ქმედებებისა, რომლებიც ანაკლიის პროექტზე ორკესტრირებულ შეტევას ახორციელებდნენ.
ეს არის ის უუნარო მთავრობა, რომელმაც ზამთრის კურორტების სეზონი ჩააგდო. მათ იმის უნარიც კი არ აქვთ, რომ წყლის პრობლემა გადაწყვიტონ. შესაბამისად, როგორ შეიძლება ისინი გვესაუბრონ ასეთი დიდი პროექტის ან გაჩერებაზე, ან ახალი ტენდერის გამოცხადებაზე?! ქართველი ხალხის, საზოგადოების ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ გავუწყვიტოთ ხელშეკრულება ისევე, როგორც დღეს გაუწყვიტეს მათ ინვესტორებს. 75 მილიონი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული ამ პროექტში,“ – განაცხადა ხაზარაძემ.