არჩილ თალაკვაძე: შეთავაზებები გავაკეთეთ, ვნახოთ, როგორი იქნება ოპოზიციის პასუხი

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ოპოზიციას კონკრეტული წინადადება უკვე შესთავაზა და ახლა პასუხს მათგან ელოდებიან.

თალაკვაძის თქმით, შეხვედრას მომზადება სჭირდება და ამ მიზნით ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გაიმართება.

„იცით, რომ ჩვენ შეთავაზებები გავაკეთეთ, ბურთი არის მათ მოედანზე და ვნახოთ, როგორი იქნება დაფიქრების და განსჯის შემდეგ ოპოზიციის პასუხი ამ შეთავაზებაზე. ვფიქრობ, რომ 100-50 არის რეალისტური შეთავაზება, ის მკვეთრად ამცირებს მაჟორიტარულის რაოდენობას და მკვეთრად ზრდის პროპორციული მანდატების რაოდენობას, რაც იყო კიდეც ოპოზიციის მოთხოვნა. ამიტომ, ველოდებით ამაზე ოპოზიციის რაციონალურ პასუხს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში. აღნიშნული შეთავაზება ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათი თქმით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საერთოდ უარის თქმას ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები