ხატია დეკანოიძე: დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეში ბევრი დარღვევაა
მეუფე პეტრე ცაავას ინიციატივას ე.წ. ციანიდის საქმეზე საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლებიც იზიარებენ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში ძალიან ბევრი დარღვევაა.
“ყველანაირი კომისია თუ დამოუკიდებელი უწყება, რომელიც დაადგენს ძალიან მძიმე დარღვევებს დეკანოზის საქმეში, არის ძალიან სასარგებლო, რომ გაეცეს სიმართლეს პასუხი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ივანიშვილს არ სურს, მამალაძე იყოს თავისუფლებაზე.
არ სურს იმიტომ, რომ ამ საქმეში ბევრი დარღვევაა, იმიტომ რომ ხელისუფლება უხეშად ერეოდა საეკლესიო საქმეებში და რეალურად მან არ თქვას ის სიმართლე, რომელიც იცის,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საკითხის გადასაწყვეტად 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
ცნობისთვის, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. მისი თქმით, “მთელი ერის ერთსულოვანი დაკვეთაა, ბურუსით მოცულ ე.წ. ციანიდის საქმეს ფარდა ბოლომდე ჩამოეხსნას”.