გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია: გუდაურში “რედკოს დასახლებას” წყლის მიწოდება აღუდგა
“გუდაურში სამდღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად პრობლემა აღმოფხვრილია და „რედკოს დასახლებას“ წყალმომარაგება სრულად გუშინ გვიან ღამიდან აღუდგა”,-ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე განცხადებით, კომპანია პრობლემის აღმოსაფხვრელად 112 ჯგუფებთან ერთად სამი დღის განმავლობაში მუშაობდა და მოსახლეობას წყალს, წყალმზიდების საშუალებით აწვდიდა.
„მოეწყო დროებითი სატუმბო სათავე. წყალმომარაგების აღდგენამდე დასახლებას წყალმზიდების საშუალებით წყალი მიეწოდებოდა. გუდაურში მშრალმა კლიმატურმა პირობებმა წყლის მარაგის შემცირება, ხოლო სეზონზე გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია.
წყლის მარაგის შემცირებისა და წნევის ვარდნის გამო, რეზერვუარების შევსებას პრობლემები შეექმნა და “რედკოს დასახლებაში” წყლის მიწოდება შეფერხდა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გუდაურში დაწყებული აქვს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად შეიცვლება ამორტიზებული და მოძველებული სისტემები, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის საკურორტო ზონაში სეზონურად არსებულ პრობლემებს“, – აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 50 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.