ბათუმში პირველადი ჯანდაცვის ცენტრები სპეციალურ რეჟიმში იმუშავებენ
სეზონური გრიპის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, 4 და 5 იანვარს ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები პაციენტებს 10:00 დან 17:00 საათის ჩათვლით მიიღებენ.
ბათუმის “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში“ “რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას განაცხადეს, რომ ღონისძიება სეზონური გრიპის შემთხვევათა სწორი მართვისა და შესაბამისი მკურნალობის უზრუნველსაყოფად ხორციელდება.
“გასულ კვირასთან შედარებით, მიმდინარე კვირაში სეზონური გრიპის შემთხვევების მატება შეინიშნება, სავარაუდოდ, დინამიკა გაზრდილია, თუმცა სეზონისთვის დამახასიათებელია და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჰოსპიტალური რაოდენობით შემთხვევები გაზრდილია, თუმცა გართულებული გრიპის შემთხვევები ამ დრომდე არ დაფიქსირებულა”,- განაცხადეს ბათუმის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
“რეგიონული კვირა“ ბათუმის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ ღონისძიებების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
4 იანვარს ქ. ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები პაციენტებს 10:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურებიან. ეს დაწესებულებებია:
ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა
საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი
ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკა
ევექსის ამბულატორიული კლინიკა
თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი
ენმედიცი (10:00 -დან 14:00 საათამდე).
5 იანვარს, პაციენტებს მიიღებენ:
ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა 10:00-დან 17:00 საათამდე
საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი 10:00-დან 14:00 საათამდე.
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოსახლეობას მოუწოდებს გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართოს ოჯახის ექიმს.