უკრაინაში გენერალური პროკურატურა გაუქმდა
უკრაინაში, დღეიდან, გენერალური პროკურატურის ნაცვლად, “გენერალური პროკურორის ოფისი”ამოქმედდა.
2019 წლის 25 სექტემბერს ძალაში შევიდა პროკურატურის ორგანოების რეფორმასთან დაკავშირებული კანონი, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურატურის ნაცვლად, გენერალური პროკურორის ოფისის შექმნას ითვალისწინებდა.
როგორც სადამკვირვებლო ორგანოს განცხადებაშია ნათქვამი, “პოლიტიზირებულმა, გავლენათა სფეროებზე დაყოფილმა” გენერალურმა პროკურატურამ მუშაობა შეწყვიტა.
უწყების საიტზე ნათქვამია, რომ გენპროკურატურა ორიენტირებული იყო “უწყებებს შორის ომებზე”, მის მუშაობას კი, უკრაინელების 70% არ ენდობოდა.
“გენერალური პროკურატურის სისტემაში ისეთი პროკურორები იყვნენ, რომლებიც მართლმსაჯულებას კი არ ემსახურებოდნენ, არამედ ოლიგარქების, პოლიტიკური ძალების, ან საზოგადოების სხვა გავლენიანი წევრების ინტერესებს, ან ისეთი პროკურორები, რომლებიც უფლებამოსილების გამოყენებით გამდიდრდნენ”,–ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, უწყებაში “წმენდაა” დაწყებული. ორი თვის მუშაობის შედეგად, 1339 პროკურორიდან ატესტაცია მხოლოდ 610–მა ადამიანმა გაიარა. ახალი კადრების მიღების პროცესი კი, იანვრიდან დაიწყება.