სოსო არჩვაძე: ეკონომიკური ზრდის ლოკომოტივი სიჩქარეს კრეფს
“ეიძლება თამამად ითქვას, რომ ქვეყნის ეკონომიკის ლოკომოტივი სულ უფრო მეტ სიჩქარეს კრეფს, რისი დასტურიც 2019 წლის ნოემბერში მიღწეული ეკონომიკური ზრდაა”,-ამის შესახებ ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ნოემბრის ეკონომიკური ზრდა მსოფლიო გლობალური ეკონომიკური რეცესიის ფონზეა მიღწეული.
“ის რეფორმატორული ღონისძიებები, რომლებიც საქართველოში ტარდება ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის, აგრეთვე ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ზრდისა და პოპულარიზაციის კუთხით, უკვე იძლევიან თვალსაჩინო შედეგს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქვეყნის ეკონომიკის ლოკომოტივი სულ უფრო მეტ სიჩქარეს კრეფს, რისი დასტურიც 2019 წლის ნოემბერში მიღწეული ეკონომიკური ზრდაა – წინა წლის ნოემბერთან მან 6.4 პროცენტს მიაღწია, ხოლო 11 თვის მიხედვით – 5.3 პროცენტს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ეკონომიკური ზრდა მიღწეულია მსოფლიო გლობალური ეკონომიკური რეცესიის ფონზე და ზემოხსენებული მაჩვენებელი 2-ჯერ და მეტად აღემატება მსოფლიო ეკონომიკური ზრდის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლოდროინდელ საპროგნოზო მაჩვენებელს (3.1%). საქართველოს ეკონომიკური ზრდის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელი (5.3%) ასევე მნიშვნელოვნად აღემატება ყველა მისი სახმელეთო მეზობლისა და ევროკავშირის 2019 წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებსაც: საქართველო – 5.3%, სომხეთი – 4.0%, თურქეთი – 3.3%, აზერბაიჯანი – 2.9%, რუსეთი – 1.5%, ევროკავშირი – 1.8%.
ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის უზრუნველყოფა განპირობებულია იმითაც, რომ ზრდას ჰქონდა ადგილი ეროვნული ეკონომიკის იმ დარგებში, სადაც იქმნება ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის თითქმის 9/10 – რეალურ სექტორში, მომსახურების დარგებში (მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება; ვაჭრობა; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები და ა.შ.). ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ზრდა დამსახურება იყო არა რომელიმე ცალკეულ დარგში სეგმენტური გარღვევის, არამედ ფაქტობრივად მთელი ეკონომიკის ერთიანი სისტემური წინსვლისა. ეს მით უფრო დასაფასებელია, რომ მიმდინარე წლის გავლილი პერიოდი ხასიათდებოდა მთელი რიგი საგარეო გამოწვევებითა და შიდაპოლიტიკური დაძაბული ვითარებით.
ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფაში განსაკუთრებით გამოვყოფდი სამ გარემოებას:
ჯერ ერთი, გრძელდებოდა ქვეყნის სამეწარმეო ბაზის გაფართოება. – 2019 წლის ნოემბერში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით თითქმის 20 პროცენტით გაიზარდა, რაც თითქმის 2.5-ჯერ აღემატებოდა წლის დასაწყისის ანალოგიურ მაჩვენებელს (2019 წ. ნოემბერი – 19.6%, იანვარი – 7.9%), ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 3.9 ათასს გაუტოლდა.
მეორე, საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესება. ნოემბერში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 25.2 პროცენტით გაიზარდა (იმპორტის 4.2%-იანი ზრდის პირობებში) და მისმა მოცულობამ 345.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ეს გასული წლის ნოემბერთან შედარებით 69.7 მლნ. აშშ დოლარით მეტია! ასეთი დიდი მოცულობის ექსპორტი ერთ თვეში საქართველოს ჯერ არ ჰქონია (ეს მეტია, ვიდრე საქართველოს ექსპორტის 2002 წლიური მოცულობა). იმავდროულად, მიღწეულია ექსპორტით იმპორტის გადაფარვის ახალი, რეკორდული მაღალი დონე – 44.2%, ნაცვლად ერთი წლის წინანდელი 36.8%-სა.
აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ქართული ექსპორტის თითქმის ¼ – დაახლოებით 850 მილიონი აშშ დოლარი, მოდის ერთერთ ყველაზე მაღალ გადახდისუნარიან, მაგრამ ამავე დროს, ხარისხის სტანდარტების მხრივ საკმაოდ პრეტენზიულ ევროკავშირის ბაზარზე, რაც ცალსახად ადასტურებს ქართული პროდუქციის მზარდ სამომხმარებლო პარამეტრებსა და კონკურენტუნარიანობას.
მესამე, ტურიზმიდან შემოსავლების 5.6%-იანი (10.7 მლნ. აშშ. დოლარით) ზრდა, რაც მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წარმოქმნილი პრობლემების გამო (20 ივნისის მოვლენებით გამოწვეული „100 დღიანი“ ეკონომიკური ვარდნა) განსაკუთრებით აღსანიშნავია. რუსეთის მიერ საქართველოს მიმართულებით ავიაფრენების შეწყვეტისა და ტურისტული ნაკადების ხელოვნური შემცირების მიუხედავად, საქართველოსათვის მიყენებული ზარალიც დაახლოებით 300 მლნ. აშშ დოლარით (40%-ით) ნაკლები აღმოჩნდა ექსპერტებისა და პოლიტიკოსების თავდაპირველ ვარაუდთან შედარებით. მთლიანობაში, წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მანძილზე საქართველოს ტურისტებისა და ვიზიტორების რეკორდულად მაღალი რაოდენობა – 9.3 მილიონი კაცი ეწვევა, რაც ქვეყნის ტურისტულ სექტორს 3.3 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს მოუტანს, ხოლო ეკონომიკას დამატებული ღირებულების სახით 4 მილიარდ ლარზე მეტს შემატებს.
ისევე როგორც საგარეო ვაჭრობაში, ტურისტულ სექტორშიც მზარდი როლი აქვს ევროკავშირს, საიდანაც ვიზიტორთა რაოდენობა ¼-ით და მეტად (+25.7%) გაიზარდა.
ამ მხრივ, მთლიანობაში ნამდვილად გამართლების ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პოლიტიკა ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მაღალმხარჯველუნარიან ტურისტულ სეგმენტზე ქვეყნის პოზიციონირება მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიებისა და აქტივობების საშუალებით.
რა თქმა უნდა, თავისი წვლილი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში, მოსახლეობის ერთობლივი მოთხოვნის მატებაში შეასრულა საზღვარგარეთიდან საქართველოში განხორციელებული წმინდა უცხოური გზავნილების (ნოემბერში – 129.2 მლნ. აშშ დოლარი) წინა წლის ნოემბერთან 13.7-პროცენტიანმა მატებამაც.
ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტრენდი, მდგრადობა ეკონომიკური შოკებისადმი და მათი დაძლევის პოტენციალი, საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა და სავაჭრო და საგადამხდელო ბალანსების დეფიციტის შემცირებისათვის გადადგმული ნაბიჯები სათანადოდ იქნა შეფასებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერაც. მომავალი, 2020 წლის მთავარი გამოწვევა იქნება ზრდის მაღალი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. – საამისო პოტენციალი საქართველოს ეკონომიკას, ისევე როგორც ქვეყნის ხელისუფლებას, ბიზნესს და მთლიანად, საზოგადოებას, ნამდვილად გააჩნია…”-წერს სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალური ზრდა 5.3 პროცენტით განისაზღვრა.