ანაკლიის კონსორციუმს დღეს კაპიტალის წარდგენის ვადა ეწურება

დღეს, 31 დეკემბერს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” (ADC) ვადა ეწურება.

კონსორციუმმა სწორედ 31 დღეს უნდა წარმოადგინოს პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე შეთანხმება, ასევე საერთაშორისო ბანკებთან ( EBRD, OPIC, ADB, AIIB ) 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე გაფორმებული შეთანხმება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავა განცხადებით, მას დიდი კითხვის ნიშანი აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქვს რესურსი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პროექტში დარჩეს.

“დაველოდოთ 31 დეკემბერს, ვნახოთ, რა მოხდება ამ ვადაში. რაც შეეხება ინვესტორს და კონსორციუმის მოლოდინებს, ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი ანაკლიის კონსორციუმის მსგავსი ტიპის განცხადებები, რომლებსაც სამწუხაროდ, შემდგომში კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. თუმცა, მე მაინც ვარჩევდი, რომ წლის ბოლომდე საკონტრაქტო ვადას დაველოდოთ“, – რამდენიმე დღის წინ განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება თავად კონსორციუმის პოზიციას, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 16 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მოიძიეს ინვესტორი, რომელიც პროექტითაა დაინტერესებული, რის შესახებაც მთავრობა საქმის კურსშია, თუმცა მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა გამოხატული არ ყოფილა.

“მე ვიტყოდი, რომ დღეს 50%-50%-ზეა პროექტის განხორციელების ალბათობა. დავაზუსტებ, რომ ეს არის უშუალოდ ამ განზომილებაში, თუმცა მე 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ საბოლოო ჯამში პროექტი აუცილებლად გაკეთდება,”- 2019 წლის ნოემბერში განაცხადა კონსორციუმის ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები