გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, 2019 წელს, 2 750 ინსპექტირება განხორციელდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, 2019 წელს, 10 399 სამართალდარღვევა გამოვლინდა. მათ შორის – 1992 სამართალდარღვევა რეგულირების ობიექტების ინსპექტირების შედეგად.
დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მიმდინარე წელს, 2 750 რეგულირების ობიექტის გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. მათ შორის შემოწმდა: ხე-ტყის დამზადების სპეციალური 9 ლიცენზია, სამონადირეო მეურნეობისა და თევზჭერის სპეციალური 10 ლიცენზია, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მფლობელი 106 ობიექტი. მათ შორის შემოწმდა პარკების მწარმოებელი 33 ობიექტი, 20 ობიექტზე აიღეს ნიმუშები გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების იდენტიფიცირების მიზნით და ასევე – ქვეყნის მასშტაბით, 188 ავტოგასამართი სადგურის რეზერვუარებიდან დიზელის საწვავის 270 ერთეული სინჯია აღებული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა, პრევენციული ღონისძიებების გატარებაა. სწორედ ამ მიზნით განხორციელდა გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების, საწვავის ხარისხის, შავი ზღვის დაბინძურების, თევზჭერის, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროებისა და სხვა ობიექტების კონტროლი.
2019 წელს განხორციელდა პრევენციული ღონისძიებები არარეგისტრირებული სახერხი საამქროების ფუნქციონირების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. დღეს არსებული მდგომარეობით, მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულია მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამამუშავებელი 741 საამქრო. ამასთან, გამოვლინდა 225 არარეგისტრირებული, უკანონო სახერხი საამქრო.
რაც შეეხება შავი ზღვის დაბინძურებისა და თევზჭერის კონტროლს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ, 2019 წელს განხორციელდა საქართველოს ნავსადგურებში შემოსული 251 გემის ინსპექტირება გარემოსდაცვით მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; სხვადასხვა დარღვევის გამო, 32 მცურავი საშუალების პასუხისმგებელ პირთა მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები. დაფიქსირდა გემებიდან ზღვის დაბინძურების 6 შემთხვევა. პასუხისმგებელი პირები დაჯარიმდნენ – თითოეული 65 000 ლარით. გარემოსთვის მიყენებული ზიანის საერთო ოდენობამ შეადგინა 10 806,9 ლარი. შავი ზღვის აკვატორიაში განხორციელებული კონტროლის შედეგად გამოვლინდა თევზჭერის წესების დარღვევის 24 ფაქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეფექტური მუშაობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოქმედ, 24-საათიან ცხელ ხაზს. 2019 წელს, ცხელ ხაზზე (153) გარემოსდაცვითი სავარაუდო სამართალდარღვევის შესახებ 3 174 შეტყობინება შემოვიდა. აღსანიშნავია მოქალაქეების აქტიურობა და შეტყობინებების თემატიკის მრავალფეროვნება: სახერხი საამქროების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, ტყის კანონმდებლობის დარღვევა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, ნარჩენებით გარემოს დაბინძურება, უკანონო თევზჭერა, უკანონო ნადირობა და სხვა.
თითოეულ შეტყობინებაზე დეპარტამენტის მიერ განხორციელდა რეაგირება და გატარდა კანონმდებლობით დადგენილი ზომები.