ხათუნა თოთლაძე: თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა საოკუპაციო რეჟიმების პოლიტიკაზე მეტყველებს, რომელსაც ისინი საქართველოში ატარებენ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქარძმანი-პერევის გადასასვლელის ჩაკეტვის საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა საოკუპაციო რეჟიმების პოლიტიკაზე მეტყველებს, რომელსაც ისინი საქართველოში ატარებენ.
„ზოგადად, არ არის ახალი, რომ თავისუფალი გადაადგილების უფლება არის შეზღუდული, სამწუხაროდ, სწორედ საოკუპაციო ხაზთან არსებულ მონაკვეთებზე. ჩვენ ამ საკითხზე მუდმივად ვსაუბრობთ ყველა შესაბამის ფორმატებში. კიდევ ერთი დადასტურება იმისა, თუ რამდენად ქმედითია საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში, თუ ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენების კონტექსტში, ალბათ არის გუშინდელი დღე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც არის ხელისუფლების ბერკეტები, თუმცა მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა, ამას ვადასტურებ. თავისუფალი გადაადგილების უფლება, სამწუხაროდ, შეზღუდულია და ეს ისევ და ისევ მეტყველებს სწორედ იმ საოკუპაციო რეჟიმების პოლიტიკაზე, რომელსაც ისინი ატარებენ საქართველოში“ ,- განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რამდენიმე დღით ქარძმანი-პერევის გადასასვლელს კეტავს. უკანონო გადაწყვეტილების მიზეზად, საოკუპაციო რეჟიმი უსაფრთხოებას ასახელებს.