გიორგი ჩაკვეტაძე: თბილისის ბიუჯეტი რეკორდულ ნიშნულს აღწევს, რაც ჩვენი თანაქალაქელების უმთავრეს ინტერესებს მოხმარდება

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას 2019 წლის საქმიანობა შეაჯამა და აქცენტი თბილისის ბიუჯეტის ისტორიულად მაღალ ნიშნულზე გააკეთა. საკრებულოს წევრის თქმით, საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები მომავალი წლის ბიუჯეტის ფარგლებშიც შენარჩუნებულია.

“თბილისის ბიუჯეტი რეკორდულ ნიშნულს აღწევს და 1 მილიარდ 21 მილიონ ლარზე მეტია, რაც ჩვენი თანაქალაქელების უმთავრეს ინტერესებს მოხმარდება, მათ შორის: – სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და აღდგენას, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ საკითხებს, განათლებას, კულტურას, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებს” – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, 2020 წლის დღის წესრიგშიც ბევრი გამოწვევაა და მათ შორის პოლიტიკური ფონიც გასათვალისწინებელია.

,,გამოწვევებია პოლიტიკური ფონის გათვალისწინებითაც. ჩვენი მხრიდან სახეზეა კონსტრუქციულობა – მათი მხრიდან დესტრუქციულობა. აქეთ მხარეს სიმართლეა, მათ მხარეს კი მუდმივ სიცრუეს და დეზინფორმაციას ვხედავთ. საზოგადოება ამას ისევ შეაფასებს” – განაცხადა საკრებულოს წევრმა.

გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, არაერთი მიმართულებით წინსვლა მომდევნო წელსაც გაგრძელდება, რადგან 2020 წელი გუნდს სხვადასხვა საინტერესო გამოწვევის წინაშე აყენებს.

,,მიუხედავად შთამბეჭდავი 2019 წლისა, წინ კიდევ არაერთი გამოწვევაა. 24 საათიან რეჟიმში ჩვენ თითოეული თბილისელის პირობების გაუმჯობესებას, უკეთესი თბილისის შექმნას ვემსახურებით. დიდი პასუხისმგებლობაა იმუშაო იმ გუნდის გვერდით, რომლისთვისაც ხვალინდელი თბილისი და თბილისის განვითარება ასე ფასეულია. დარწმუნებული ვარ, 2020 წლის თბილისი იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე ის აქამდე იყო „ – აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები