კახეთში ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესების საბჭოს სხდომა გაიმართა
კახეთში დღეს რეგიონში უმცირესობების სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ეთნიკურ უმცირესობებში სახელმწიფოს მხრიდან განხორცილებულ პროექტებზე ისაუბრეს. კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, საბჭოს სხდომის მთავარ მიზანს თემში სოციალური და განათლების კუთხით მიმდინარე პრობლემების განხილვა და ანალიზი წარმოადგენს.
“ყოველთვის გვაინტერესებს რეალურად გავცვალოთ ინფორმაცია კახეთში მოსახლეობასთან, რომელებიც ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენად რელევანტურია ის პროგრამები, რომლებსაც მუნიციპალიტეტები ახორციელებენ, როგორია მათი სოციალური მდგომარეობა და როგორ მიმდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან მათი ინტეგრაციის პროცესი”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა სხდომაზე, ეთნიკურად უმცირესი ადგილობრივების პრობლემებზე და ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრა.
“სახელმწიფოს გააჩნია ეთნიკურად უმცირესობების ინტეგრაციის სტრატეგია. სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში ფუნქციონირებს ეთნიკურად უმცირესობების საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოები, რომელთა რეგიონულ მმართველობასთან არის დაკავშირებული. აქტიურია კახეთის საბჭოც, მნიშვნელოვანია ის, რომ ეთნიკურად უმცირესობების წარმომადგენლებს მიუხედავად მათი რელიგიური კუთვნილების და საცხოვრებელი ადგილის, ქონდეთ განცდა, რომ არიან თანასწორნი და ყველა ის შესაძლებლობა და სიკეთე, რასაც სახელმწიფო სთავაზობს, მათთვის არის ხელმისაწვდომი”, – აღნიშნა გიგაურმა.
უმცირესობების სამოქალაქო ჩართულობის საბჭოს სხდომა წელიწადში 2-ჯერ იმართება, რომელსაც რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის მერი ესწრება.