„არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არაა“ – პაატა იმნაძე გრიპის ვირუსზე საუბრობს

არის ზამთარი და ზამთარი გრიპის გარეშე არ არსებობს, თუმცა არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არაა, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო კვირის მონაცემებით, ავადობის მაჩვენებლია 190 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე.
„ბოლო კვირის მონაცემებით, ავადობა ჩვენთან არის 190 ადამიანი 100 ათას მოსახლეზე. გასაგები რომ იყოს, ჩვენთან, საქართველოს პირობებისათვის ეპიდემიურ ზღვრად ითვლება 450- 500 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე.
გასულ წელს იმავე პერიოდში იყო 220 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე, ხოლო პიკზე იყო 280 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე. შედარებისთვის, რუსეთში ეპიდემიურ ზღვარად ითვლება 700-მდე შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე. ანუ არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არაა. მაგრამ ვინც ავადაა, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა ეპიდემია. ძირითადად, ბავშვები ავადდებიან გრიპით, მცირეწლოვანი ბავშვები და ჰოსპიტალიზაციაც მათ უხდებათ. დიდების საავადმყოფოში არ არის ასეთი გადატვირთულობა, როგორიცაა ბავშვთა საავადმყოფოებში. ეს არის ზამთრისთვის და ამ პერიოდისთვის ჩვეულებრივი მოვლენა და ჩვენთვის დღეს არ ითვლება ეს ეპიდემიად. მაგრამ, რა თქმა უნდა, ადამიანები უნდა იყვნენ ფრთხილად. თუ ბავშვს აქვს სიცხე 38, 5 ერთი დღე, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა”, – განაცხადა იმნაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები