“საპარტნიორო ფონდმა“ სს “ვანრიკ აგროს“ მიმართ არსებული მოთხოვნის გასხვისების აუქციონი გამართა

“საპარტნიორო ფონდის“ სს „ვანრიკ აგროს“-თან დაკავშირებული მოთხოვნის აუქციონი გაიმართა.

აუქციონი ფონდის მიერ განხორციელებული ინვესტიციის საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის გასხვისებაზე ჩატარდა.

მითითებული მოთხოვნის გასხვისების აუქციონში მონაწილეობა ერთმა პრეტენდენტმა მიიღო. აუქციონის საწყისი თანხა 12 მლნ ლარს შეადგენდა. აუქციონის შედეგად, დაფიქსირდა საბოლოო ფასი – 12 მილიონ 10 ათასი ლარი. გამარჯვებული ქართული კომპანია შპს „ეფკოა“.

აუქციონში გამარჯვებული პირისთვის აღნიშნული მოთხოვნის შეძენა წარმოადგენს სს „ვანრიკ აგროს“ აქტივების შეძენის დაფინანსების საშუალებას. გამარჯვებული კომპანია იღებს ვალდებულებას, აუქციონში დაფიქსირებული მოთხოვნის მთლიანი ღირებულება 7 წლის განმავლობაში, მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით გადაიხადოს, თუ იგი გაიმარჯვებს სს „ვანრიკ აგროს“ გაკოტრების აუქციონში.

საჯარო აუქციონი „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში გაიმართა და მას დაინტერესებული პირები, მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სს „ვანრიკ აგრო“ 2015 წელს დაარსდა და მის მთავარ საქმიანობას ლურჯი მოცვის მოყვანა, გადამუშავება და რეალიზაცია წარმოადგენს. კომპანიის მფლობელობაშია ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში 326 ჰა-ი მიწის ნაკვეთი, ნაწილობრივ განაშენიანებული ლურჯი მოცვის პლანტაციითა და გადამამუშავებელი საწარმოო ხაზით.

შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდის“ მიერ სს „ვანრიკ აგროს“ მიმართ არსებული მოთხოვნის გასხვისების აუქციონი 6 დეკემბერს გამოცხადდა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მისი პირობების გაცნობა შესაძლებელი იყო ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, განაცხადის #: 117207RBS63868619, აუქციონის #: 117207, ლოტის #: 638686

აუქციონის შესახებ, ასევე, ეცნობათ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საელჩოებს, ბიზნეს ასოციაციებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები