სარეკლამო კომპანია პანდა: “მიკერძოებული პროფესიონალი” ბუზიაშვილი ბრალს გვდებს ანტიამერიკულ პროპგანდაში – “ფეისბუქი” ამას არ ადასტურებს
სარეკლამო კომპანია “პანდა”, რომელიც “ფეისბუკმა” რამდენიმე დღის წინ გაუქმებულ პროსახელისუფლებო გვერდებთან დააკავშირა, გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებს და მიმართვას აქვეყნებს.
“რამდენიმე დღეა ცილს გვწამებენ და ჩვენს შესახებ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას.
რა მოხდა სინამდვილეში? გამოქვეყნდა ორი დამოუკიდებელი დასკვნა. ერთის ავტორია ოფიციალური “ფეისბუქი”, ხოლო მეორე ეკუთვნის ორ ქართველს ეთო ბუზიაშვილსა და გივი გიგიტაშვილს. “ფეისბუქი” ამბობს ერთს, ეს ადამიანები კი მეორეს! მიკერძოებულმა “პროფესიონალმა” ეთო ბუზიაშვილმა საკუთარი ვარაუდის და არა ფაქტების საფუძველზე დადო დასკვნა, რომლითაც 5 ბრალდებას გვიყენებს. მათგან “ფეისბუქი” მხოლოდ ორს ადასტურებს. ბრალდება პირველი: ე.წ. ფეიკ ნიუსების გავრცელება – “ფეისბუქი” ამას არ ადასტურებს; ბრალდება მეორე: “მიკერძოებული პროფესიონალი” ამტკიცებს, რომ საზოგადოების გახლეჩვას ვცდილობდით – “ფეისბუქი” ამას არ ადასტურებს; ბრალდება მესამე: “მიკერძოებული პროფესიონალი” ბრალს გვდებს ანტიამერიკულ პროპგანდაში – “ფეისბუქი” ამას არ ადასტურებს; რას ამბობს ფეისბუქი? ისინი წერენ, რომ ჩვენ სისტემურად ვმუშაობდით. დიახ, ეს ასეა – ჩვენ სოციალურ ქსელში ვფლობთ და ვაქირავებთ რესურსებს.
“ფეისბუქი” ამბობს, რომ ჩვენ კრიტიკულები ვიყავით ოპოზიციის მიმართ – დიახ, ჩვენ ამასაც ვადასტურებთ. თუმცა, მიკერძოებულ დასკვნაში ეს პუნქტი მოხსენიებული იყო, როგორც სიძულვილოს ენა და დისკრედიტაცია. რეალობა ასეთია – რასაც “ფეისბუქმა” კრიტიკა უწოდა, მათ შავი პიარი დაარქვეს. ყველაფერი ჩვენ მოგვაწერეს და გააზვიადეს. “ფეისბუქს” არ უთქვამს, რომ პოსტების შინაარსის გამო დაგვბლოკა- მან დაგვბლოკა სისტემურობის გამო.”- ნათქვამია “პანდას” მიმართვაში.
„ფეისბუკმა“ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ წაშალა ასზე მეტი ქართული გვერდი, რომელთა უკანაც ყალბი ანგარიშები იდგა და საქართელოს მთავრობასთან და სარეკლამო კომპანია „პანდასთან“, იყო დაკავშირებული.
სარეკლამო სააგენტო „პანდა“ ბაზარზე მიმდინარე წლის აპრილში გამოჩნდა, თუმცა მანამდე საზოგადოებისთვის უფრო მუსიკალური პროექტით იყო ცნობილი. მათ ჰქონდათ მუსიკალური ჯგუფი, რომლის რამდენიმე ვიდეოკლიპმაც იუთუბიზე მილიონობით ნახვა მოაგროვა. მოგვიანებით „პანდა“ სარეკლამო სააგენტოდ გადაკეთდა.