რუსი ექსპერტი: 2020 წელი რუსეთ-საქართველოს დიალოგისთვის განსაკუთრებული პროდუქტიულობის მომტანი ვერ იქნება

რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური კომუნიკაციების სააგენტოს წამყვანი ანალიტიკოსი, საერთაშორისო პოლიტიკისა და რუსეთის შიდაპოლიტიკური ურთიერთობების საკითხებში, მიხეილ ნეიჟმაკოვი მიიჩნევს, რომ 2020 წელს რუსეთ-საქართველოს დიალოგში რაიმე გარღვევა ვერ იქნება.

მისი თქმით, საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ 2020 წლის შემოდგომას ამ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იქნება, წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში ქვეყანა უკვე ერთი წელია რაც შესულია.

„გვახსოვს, რომ 2018 წლის ბოლოს, ქართული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე, მაგალითად, მოუწოდებდა კოლეგებს, რომ ხელისუფლება მუდმივი წნეხის ქვეშ უნდა იყოს. შესაბამისად, შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც მოახდენს გავლენას.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები კარგად აწონიან თუნდაც უმნიშვნელო ნაბიჯებს რუსეთთან დიალოგის ჭრილში, რადგან ამას მათ წინააღმდეგ შიდაპოლიტიკური ოპონენტები გამოიყენებენ.

სწორედ ამიტომ ვხედავთ, რუსეთთან დიალოგთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილ გამონათქვამებს ქვეყნის პირველი პირებისგან. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადება გავიხსენოთ, სადაც ის „ნორმანდიული ფორმატის“ ანალოგის შექმნის იდეით გამოვიდა. ეს ერთგვარად არის მცდელობა, რომ რუსეთთან დიალოგის პასუხისმგებლობა ნაწილობრივ შუამავლებზეც გადანაწილდეს. ასევე, მისი რეპლიკა მოსკოვში აღლუმში მონაწილეობასთან დაკავშირებით, როდესაც მან თქვა, რომ საკითხს უკრაინის პირველ პირთანაც განიხილავს. აქაც ჩანს, რომ ისინი ფრთხილობენ.

ამიტომ, შესაძლოა იყოს მცდელობა მოიძებნოს დიალოგის მეტად პროდუქტიული ფორმა, თუმცა შიდაპოლიტიკური წნეხი ძალიან დიდი წინაღობა იქნება ამგვარი დიალოგის გამართვის.

ასეთ ფრთხილ პოზიციაში საქართველოს მთავრობა, სულ მცირე, საპარლამენტო არჩევნებამდე იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკის ქუჩის ფორმატმა ქვეყანაში ძალიან დიდი მასშტაბები მიიღო, დაძაბულობა, შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც იყოს. ამიტომ, ახლა ძალიან დაბალია ალბათობა იმის, რომ 2020 წელი რუსეთ-საქართველოს დიალოგისთვის განსაკუთრებული პროდუქტიულობის მომტანი იყოს“,-ამბობს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები